აქტუალური
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციისა და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ჩანს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ მეთოდოლოგიით გამოჰკითხეს, ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია და აღშფოთება, რადგან მათ ინფორმაცია გაასაჯაროეს. მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ „აიპიემისთვის“ დაკვეთილი კვლევა, სადაც ერთ-ერთ პასუხად მოქალაქეებს შეიარაღებული ძალის გამოყენებას სთავაზობენ, ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს.