საზოგადოება
გიორგი გახარია - პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე, როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარა მიზანი არის ელემენტარული უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს.

დღეს გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ჩატარდება ყოველდღიურ რეჟიმში და ჩემი აქ ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი და მიზანი გახლავთ ის, რომ რამდენიმე საკითხზე დავაფიქსიროთ პოზიცია.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე, როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარა მიზანი არის ელემენტარული უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან სრულიად უსაფუძვლო პანიკის. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ბრძოლა წარმატებული იყო იმიტომ, რომ ჩვენ კონსოლიდირებულად, ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე - ეს იყო კოვიდი, ვირუსთან გამკლავება და ეკონომიკის გადარჩენა. ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, დღეს, მსოფლიოში, სამწუხაროდ, ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება.

ფაქტობრივად, ყოველ კვირაში ჩვენ გვაქვს რეკორდის განახლება. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, პირველი ტალღის დროს, სწორედ შევაფასეთ ჩვენი რესურსები, მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული „ლოკდაუნი“ გამოვაცხადეთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ, ჩვენ ელემენტარული პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში და ქვეყანაში იყო პირბადეების დეფიციტი. ჩვენ მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და არანაირი ცოდნა, მსოფლიოსთან ერთად, ამ ვირუსთან დაკავშირებით, არ გვქონდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია და ჩვენ, ყველას იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა. სამწუხაროდ, ეს ვაქცინა არ გაჩნდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. მაშინ, ეს მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნი“ იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვიცავდით, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, პირველი, გაურკვევლობის მაღალი ხარისხის გამო და ელემენტარული პირბადის არქონის გამო. დღეს, როდესაც, მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც 90 პროცენტზე ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ, მსგავს „ლოკდაუნს“ უკვე აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ დღესაც ვხედავთ, ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა არის გრძელვადიანი პროცესი.

შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია იცვლება და ეს სტრატეგია გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვებით და ბალანსის სწორი დაჭერით. რას ვგულისხმობთ ამაში. ბალანსში ვგულისხმობთ წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორ შესრულებას, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ. ეს არის ელემენტარული წესები. ელემენტარულად, უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია - ეს ის წესებია, რომელიც დღეს, მსოფლიოში, ყველამ მიიღო. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ და უნდა გვესმოდეს, რომ იმის და მიუხედავად, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება ტემპში შემცირდეს, სისწრაფე შემცირდეს, მაგრამ ინფიცირების შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.