სამართალი
მეუფე მელქისედეკი ივერი მელაშვილზე და ნატალია ილიჩოვაზე - ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ამ ორ ადამიანს მართლა ბოდიშს ვუხდი ასეთი დამოკიდებულების გამო. მე ვერ გავერკვიე რა ხდება, - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ჟურნალისტებს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ კარტოგრაფებთან მიმართებით განუცხადა.

მეუფე მელქისედეკის თქმით, მისთვის გაუგებარია, რაში ედებათ ბრალი ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს.

მე ვერ გავიგე, მაგალითად იმ ორ ადამიანს რაში ადანაშაულებენ. კითხვები რომ არის, ეს სხვა საკითხია, უბრალოდ, როდესაც მოვისმინე ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება და თქვეს, რომ ველოდებით, გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო, მე ამ ხალხს, ამ ორ ადამიანს მართლა ბოდიშს ვუხდი ასეთი დამოკიდებულების გამო. მე ვერ გავერკვიე რა ხდება. მე იმას ვამბობ, რომ მაგალითად, როდესაც წმინდა სინოდის წევრმა არ ვიცი რა ხდება და ამავდროულად, საქართველოს ეკლესიის რიგითი სასულიერო პირი, რიგითი მღვდელი საუბრობს ამ თემებზე, ჩემთვის ეს მიუღებელია“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

მან უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა ამ ყველაფერში პოლიტიკურ ინტერესებს.

„ვინაიდან 2014 წელს ეს ყველაფერი იცოდნენ, რატომ დუმდნენ 6 წლის განმავლობაში?! არ ვიცი“, - აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა.