უცხოეთი
ილჰამ ალიევი - გვსურს შევჩერდეთ, მაგრამ გვსურს ოკუპაცია შეწყდეს, სომხეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის გრაფიკი უნდა მოგვაწოდოს

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ცეცხლის შეწყვეტა ცალმხრივად არ მიიღწევა, ეს ორმხრივი გადაწვეტილება უნდა იყოს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტ ალიევის თქმით, მათ ქვეყანას თავს სომხეთი დაესხა და აზერბაიჯანმა წარმატებული საპასუხო შეტევა განახორციელა.

„ჩვენი კონტრშეტევა წარმატებული იყო. ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი გავათავისუფლეთ, ჩვენი მთავარი მიზანია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სომხეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის გრაფიკი უნდა მოგვაწოდოს, ეს გრაფიკი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ უნდა იყოს დამტკიცებული და სწორედ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობა,“- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ მას ოკუპაციის დასრულება სურს.

„გვსურს, შევჩერდეთ, მაგრამ გვსურს, ოკუპაცია შეწყდეს. ჩვენ სომხეთის მიწაზე არ ვართ, ჩვენ ჩვენს მიწაზე ვიმყოფებით,“- აღნიშნა ალიევმა.

interpressnews.ge