უცხოეთი
მედია - ყირგიზეთში დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ, შემდეგ კი დაკავებული ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ყირგიზეთში დემონსტრანტებმა ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის დაკავების ცენტრიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ალმაზბეკ ატამბაევი შენობიდან დემონსტრანტებსა და კომიტეტის ადმინისტრაციას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაიყვანეს.

მანამდე დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საპროტესტო აქციები ორშაბათს დილიდან მიმდინარეობდა. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა შეძლეს. ბიშკეკში შეკრებილი აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაახლოებით 120 ადამიანი დაშავდა, მათგან ნახევარი პოლიციელები იყვნენ. დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ხელახლა შეიკრიბნენ.

interpressnews.ge