პოლიტიკა
მარია ზახაროვა დარწმუნებულია, რომ იმ ქვეყნების წრე, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ, კიდევ უფრო გაფართოვდება

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 17 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონმა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების არცთუ იოლი გზა გაიარა. ის შედგა, როგორც სუვერენული სახელმწიფო და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირების საქმეში“. მან აღნიშნულზე ცხინვალის რეგიონში „რესპუბლიკის დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ზახაროვას თქმით, ამას ადასტურებს ოსების მიერ „ნების თავისუფალი გამოხატვა“ სხვადასხვა დონის არჩევნებზე ხმის მიცემის „დადგენილი დემოკრატიული პროცედურების ფარგლებში“, ასევე „მშპ-ის თითქმის ორმაგი ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში და ბევრი სხვა მაჩვენებელი“.

აღნიშნა რა, რომ რუსეთი აქტიურად უწყობს ხელს „სამხრეთ ოსეთის“ საგარეო პოლიტიკური პოზიციის გაძლიერებას და მისი საერთაშორისო კავშირების გაფართოებას“, ზახაროვამ განაცხადა: დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთის, აფხაზეთის, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს, ტუვალუსა და სირიის გარდა, რომელთაც რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარეს, იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთაც მიუკერძოებელი დამოკიდებულება აქვთ ამიერკავკასიაში ჩამოყალიბებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობების მიმართ, კიდევ უფრო გაფართოვდება“.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში, მოსკოვმა აფხაზეთთან ერთად, ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობაც აღიარა. მოგვიანებით, ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამაც აღიარეს. თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ორ რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილებად მიიჩნევენ.