სამართალი
კელი დეგნანი - სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადასხვა რესურსის გამოყენება - გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ პრაქტიკულად მოხდეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მიღებული კანონის აღსრულება.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და ასევე ვეცნობით სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განახორციელა და მნიშვნელოვანია, რომ მიღებული კანონი აღსრულდეს. გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას მოუსმინოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დებატები მნიშვნელოვანი წყაროა , რომ ამომრჩეველმა ინფორმაცია მიიღოს, შესაბამისად ყველა პარტიის წარმომადგენელს ღიაობისკენ მოვუწოდებ, რომ საკუთარი პროგრამები გააცნონ საზოგადოებას, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებულად შეძლოს არჩევნებზე წასვლა“, - განაცხადა ელჩმა.