უცხოეთი
რუსეთის საგარეო უწყება - „ნოვიჩოკზე“ დასავლეთის ბევრ ქვეყანასა და ნატო-ს სტრუქტურებში სპეციალისტები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების მიერ გაკეთებულ კომენტარებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ ქიმიური კომპონენტების ჯგუფზე სპეციალისტები დასავლეთის ბევრ ქვეყანასა და ნატოს სპეციალიზებულ სტრუქტურებში წლების მანძილზე მუშაობდნენ.

„რაც შეეხება თავხედურ მტკიცებას იმის შესახებ, რომ ნერვულ-პარალიზური მოქმედების ტოქსიკური ქიმიური ნაერთები, რომლებსაც დასავლეთში “ნოვიჩოკი“ ეწოდება, ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: ქიმიური კომპონენტების ამ ფართო ჯგუფზე სპეციალისტები დასავლეთის ბევრ ქვეყანასა და ნატო-ს სპეციალიზებულ სტრუქტურებში წლების მანძილზე მუშაობდნენ,“- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტითაა მოწამლული. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეშფოთება არაერთი დასავლური ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გამოხატა.

interpressnews.ge