პოლიტიკა
აუდიტის სამსახური - გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, კიდევ უფრო აქტიურად მოხდება „პატრიოტთა ალიანსის“ ფინანსური დეკლარაციების შესწავლა

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, კიდევ უფრო აქტიურად მოხდება „პატრიოტთა ალიანსის“ ფინანსური დეკლარაციების შესწავლა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აუდიტის სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ ფინანსური დეკლარაციების შესწავლა მოხდება როგორც შემოწირულობების, ისე ხარჯების ნაწილში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს. გავრცელებული ინფორმაციების ფონზე, კიდევ უფრო აქტიურად მოხდება „პატრიოტთა ალიანსის“ ფინანსური დეკლარაციების შესწავლა როგორც შემოწირულებების, ისე ხარჯების ნაწილში. აგვისტოს თვის დეკლარაციები პარტიებმა შვიდ სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ და მათში ასახული ინფორმაცია დამუშავდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად წერილით მივმართავთ „პატრიოტთა ალიანსს“, ასვევ გამოვიყენებთ, ჩვენი მანდატის ფარგლებში გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას, თუმცა რა ღონისძიებები იქნება საჭირო ეს გზადაგზა გამოჩნდება“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

პლატფორმა „დოსიემ“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც დოკუმენტების საფუძველზე იუწყება, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომლებიც საქმიანობაზე ანგარიშს აბარებენ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნოდ რვა მილიონი დოლარი რუსული დაფინანსება მიიღო.