აქტუალური
როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და საქართველოში დაბრუნება სურს - არჩილ თალაკვაძე

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და საქართველოში დაბრუნება ამიტომ სურს. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ რიგში, სააკაშვილს რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი ელოდება.

მგონი, ერთი და იგივე სერიას ვუყურებთ, როდესაც ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილი გამოდის და თავის შემცირებულ მხარდამჭერებს ეუბნება, რომ ის დაბრუნდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა. პირველ რიგში, მას ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლი მასზე ძალიან გაბრაზებულია, თუმცა, თუ ის მაინც შეძლებს და მოძებნის ძალას იმისთვის, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს, აქ დახვდება თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო, მან დატოვა ადამიანის უფლებების დარღვევა, დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია. მან დატოვა მონოპოლიზებული მედია, დღეს ქვეყანაში მრავალფეროვანი და კრიტიკული მედიაა. მან დატოვა დამახინჯებული კონსტიტუცია, დღეს ქვეყანას ევროპული ტიპის კონსტიტუცია აქვს. მრავალი სხვა პროგრესული ცვლილება არის ქვეყანაში. ასე რომ, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ქვეყანა, ჩვენ ყველა მის განვითარებაზე ვზრუნავთ. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე გაცვალა. როგორც ჩანს, ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და საქართველოში დაბრუნება სურს. "ჰამოვიდეს", ვერაფერს ვიზამთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ეთიკურია „ქართული ოცნების“ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი „მიჰა ჰამოდი“, თალაკვაძემ უპასუხა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საარჩევნოდ საქართველოში დაბრუნებაზე საუბარი „ყველაზე დიდი ცინიზმია“.

რაც შეეხება ჩვენს პასუხს, უნდა ესმოდეს სააკაშვილს და მის მხარდამჭერებსაც, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელსაც პასუხები გვაქვს ყველა მათ ქცევაზე, თუმცა ამაზე დიდი დროის დახარჯვას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს საქმე, გვაქვს პროგრამა და ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.