საზოგადოება
უცხოელს, რომელიც საქართველოდან დისტანციურად იმუშავებს, ბოლო ერთი წლის მანძილზე თვეში სულ მცირე 2 000 დოლარი უნდა ერიცხებოდეს

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით, ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესი დაამტკიცა. დოკუმენტი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აწერენ ხელს.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მსურველი პირის მიერ განაცხადი ივსება ელექტრონულ პროგრამაში ვებგვერდის www.stopcov.ge-ის მეშვეობით. ამასთან, განაცხადი ელექტრონულ პროგრამაში ივსება ინგლისურ ენაზე.

განაცხადის შემვსები პირი ვალდებულია, განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მოქმედი პასპორტის ასლი, ინფორმაცია პირადი მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), ინფორმაცია უცხოელი დამსაქმებლის შესახებ, უცხოელი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია სამსახურებრივი პოზიციისა და შემოსავლის შესახებ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დასტური (საბანკო ამონაწერი ან რაიმე სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ თვეში 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარის ოდენობით, წინასწარი დასტური სავალდებულო 12-დღიანი კარანტინის გავლის შესახებ (ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი, ხოლო 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება), სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ვალიდურია არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხვევაში. განაცხადში მითითებულ ინფორმაციაზე და მის სისწორეზე პასუხისმგებელია განაცხადის შემვსები პირი“, – წერია „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დოკუმენტის თანახმად, თანხმობის გამცემ უწყებას წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროები. განცხადების განხილვა ხორციელდება თანხმობის გამცემი უწყების მიერ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში.