უცხოეთი
რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინას ქვეყანა სექტემბერში დაარეგისტრირებს

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი სექტემბრის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინის დასარეგისტრირებლად ემზადება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ მთავრობის ონლაინ შეხვედრისას განაცხადა. როგორც მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, ციმბირში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის „ვექტორის“ მიერ შემუშავებული ვაქცინის კლინიკური ცდების ადრეული ეტაპი სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

შეგახსენებთ, 11 აგვისტოს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V” ოფიციალურად დაამტკიცა. პრეპარატი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა შექმნა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაზე კლინიკური ცდები მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში ჩატარდა.

interpressnews.ge