საზოგადოება
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 12 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. 12 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, პარლამენტის წევრები უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, არ დაივიწყონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. განცხადება დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ სტიუარტ მაკდონალდმა გამოაქვეყნა.

განცხადებას საქართველოს პარლამენტიდან ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა აწერს ხელს.

დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს გარდა, ხელმომწერთა შორის არიან, კანადის, ავსტრალიის, ნორვეგიის, შვედეთის, გერმანიის პორტუგალიის, რუმინეთის, პოლონეთის, ლატვიის და მოლდოვის პარლამენტარები.

უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის მიერ კვლავ ირღვევა სამხედრო ძალის გამოყენებით – ეს არის კიდევ ერთი ქვეყანა ევროპის კონტინენტზე, რომლის საზღვრებიც ძალის გამოყენებით შეიცვალა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიამ ეკონომიკური სირთულეები მოუტანა ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებლებს. პარლამენტარები ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ამასთან, 12 ქვეყნის კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ დონბასში ომი უკვე ექვსი წელია გრძელდება, რასაც 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი მიეტოვებინა.

განცხადებაში ნახსენებია, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლი რაკეტით ჩამოგდებული „მალაიზიური ავიახაზების“ სამგზავრო ბოინგიც.

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს უკრაინის გვერდით დგომა და აღიაროს მისი დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და მისი მოსახლეობის უფლება, იცხოვრონ მშვიდობიანად. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის რუსეთითვის დაწესებული ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის კონტინენტზე საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინა არ უნდა იყოს დავიწყებული მსოფლიოში, სადაც არც თუ ისე ცოტა საკითხია, რომელიც საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს“, -აღნიშნავენ 12 ქვეყნის კანონმდებლები.