აქტუალური
იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავლის წინაშე - დავით ბაქრაძე

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა “ოპოზიციურ ერთობას და არჩევნებში ოპოზიციის საერთო გამარჯვებას დააყენებს უფრო წინ, ვიდრე მის ვიწროპარტიულ ინტერესს,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისანში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატის შესაძლო დაყენების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ევროპული საქართველო” კვლავ ოპოზიციის საერთო კანდიდატების მხარდამჭერია.

ჩვენ, “ევროპული საქართველო”, შემიძლია ხაზგასმით და გადაჭრით გითხრათ, ვრჩებით საერთო შეთანხმების ერთგული, ვრჩებით საერთო კანდიდატების ერთგული და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოპოზიციამ ერთიანი ფრონტით იბრძოლოს თბილისში. იმედი მაქვს, “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც დიდი ოპოზიციური პარტია, კარგად გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ მისი პარტიული ამომრჩევლის, არამედ, ზოგადად, ქართველი ამომრჩევლის და ამ ქვეყნის მომავლის წინაშე“,- განაცხადა ბაქრაძემ.