სამართალი
პროკურატურამ პანკისში მამა–შვილის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკური ძალადობის საქმეზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. პროკურატურამ პანკისში მამისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურამ პანკისში დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ცემისთვის ი.ფ-ს, ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. შორტებში ჩაცმულ ნ.წ-ს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან, ი.ფ-მ, ა. ბ-მ და ა.ი-მ იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს ნ.წ-ს არასრულწლოვან შვილს გ.წ.-საც. აღნიშნულის შედეგად მამა-შვილმა – ნ.წ.-მ და გ.წ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ნ.წ.-მ – სხივის ძვლის მოტეხილობა.

ნ.წ.-ს და გ.წ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 9 აგვისტოს დაიწყო.

ი.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53′-126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 53′-118 მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53′ -126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დღეს, 22 აგვისტოს წარედგინათ“, – აცხადებენ პროკურატურაში.

​პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.