საზოგადოება
საქართველოში უმუშევრობის დონე, 2020 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტით გაიზარდა

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. 2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, 2020 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

როგორც საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, უმუშევრობის დონე, სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით, გაცილებით დაბალია. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში, ისე კაცებში, შესაბამისად 1.8 და 0.1 პროცენტული პუნქტით.

თუმცა, საქსტატის ცნობით, აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 54.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 74.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.6 პროცენტული პუნქტით.

2020 წლის II კვარტალში დასაქმების დონე, ქალებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით.