უცხოეთი
ევროპარლამენტარები ბელარუსში ხელახალი არჩევნების ჩატარებას უჭერენ მხარს და ლუკაშენკოს ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მიიჩნევენ

 საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მხარს უჭერენ ხელახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“, „სოციალისტებისა და დემოკრატების“, „განაახლე ევროპის“, „მწვანეებისა“ და „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ პრეზიდენტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. სანდო ინფორმაცია სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამარჯვებაზე მიუთითებს. ამიტომაც, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ და მას ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მივიჩნევთ. ვუერთდებით ბელარუსი ხალხის მოთხოვნას ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ისინი მიესალმებიან ბელარუსი ხალხის გამბედაობას და მტკიცედ უჭერს მხარს მათ სურვილს დემოკრატიულ ცვლილებებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებით.

„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და ამ დანაშაულებების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოვუწოდებთ. ამ კუთხით გვსურს, ალექსანდრე ლუკაშენკოს თავისი პასუხისმგებლობა შევახსენოთ. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც თვითნებურად არიან დაკავებული და ასევე იმ პოლიტპატიმრების, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე და მის განმავლობაში დააპატიმრეს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

interpressnews.ge