პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - შექმნილია უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ქვეყანაში დამკვირვებლების უსაფრთხოდ ჩამოსვლასა და საქმიანობას უზრუნველყოფს

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ვმუშაობთ უსაფრთხო არჩევნების წესებთან და სტანდარტთან დაკავშირებით. ამ კუთხით, საკანონდმებლო რეგულაციები მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების პროტოკოლი, რომელიც უკვე მომზადებულია, პანდემიის პირობებში, ქვეყანაში დამკვირვებლების უსაფრთხო ჩამოსვლასა და საქმიანობას უზრუნველყოფს.

საარჩევნო ადმინისტრაცია, ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად უსაფრთხოების პროტოკოლზე მუშაობს, რომელიც არჩევნების დროს იქნება გამოყენებული. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემო უზრუნველვყოთ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საარჩევნო ყუთთან მიდიან.

ასევე დამკვირვებლებისთვის შექმნილია უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ქვეყანაში დამკვირვებლების უსაფრთხოდ ჩამოსვლასა და მათი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას უზრუნველყოფს.

მათ კარანტინში განთავსება არ მოუწევთ, ამისთვის სპეციალური მოდული არის შექმნილი, სადაც ყველა დამკვირვებელს შეუძლია დარეგისტრირება.

ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან სამუშაო შეხვედრები უკვე დაწყებული გვაქვს და დამკვირვებლები იქნებიან ძალიან წარმომადგენლობითი მისიებით“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე განაწილებით ოქტომბერში ჩატარდება.