საზოგადოება
კელი დეგნანი - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი არის ძალიან საშიში და აუცილებლად უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი არის ძალიან საშიში და აუცილებლად უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით.

მან უპასუხა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას აზერბაიჯანულ პორტალ „ჰაქინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს „12 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთში სერბეთიდან სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნები საქართველოს გავლით მოხვდა“.

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება. რაც შეეხება ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, ჩვენ ნამდვილად შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით, რაც ხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან.

ეს კონფლიქტი არის ძალიან საშიში და იგი აუცილებლად უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით. არსებობს ამისთვის მექანიზმები და ისინი აუცილებლად მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, ვიდრე კიდევ უფრო გამძაფრდება აღნიშნული კონფლიქტი. უკვე არის მსხვერპლი, ეს ნამდვილად ტრაგიკულია და არ უნდა მოხდეს ამის გაგრძელება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს საგარეო უწყებამ აზერბაიჯანული მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის ტენდენციურია და ორ პარტნიორ ქვეყანას შორის პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ არის მიმართული.