საზოგადოება
ასლან ბჟანია - საქართველოსგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას არ ვითხოვთ, თუმცა ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება დიალოგის შესაძლებლობას მოგვცემს

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მზად არის, საქართველოსთან ურთიერთობები დაალაგოს. ამის შესახებ მან 3 ივლისს, სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩვენ, აფხაზეთის მოქალაქეები დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები გვქონდეს. პრობლემა ჩვენში არ არის. ჩვენ ვაღიარებთ ქართულ სახელმწიფოს, ვაღიარებთ იმ უფლებებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოსგან გამომდინარეობს. თუმცა სხვა საქმეა, რომ ჩვენ არ გვაღიარებენ. არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს ასეთი პოლიტიკა. ვფიქრობ, ის არაკონსტრუქციულია“, – განაცხადა ბჟანიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის პრეამბულაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანეს მიზანს მშვიდობა წარმოადგენს.

ეს ძალიან კარგია. ჩვენ მივესალმებით ასეთ მიდგომას. ამასთან დაკავშირებით, ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ არის დღემდე ხელმოწერილი შეთანხმება აფხაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, თუ მშვიდობა საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს“, – აღნიშნა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა.

ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ მათ აღიარონ აფხაზეთის სახელმწიფო, თუმცა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება მოგვცემს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ნებისმიერი სხვა სახის დიალოგის შესაძლებლობას“, – განაცხადა ბჟანიამ.

საქართველოსთან ნატო-ს აქტიური თანამშრომლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. მისი თქმით, აფხაზეთი არაა დაინტერესებული კონფლიქტის გაჩაღებაში, თუმცა მზად უნდა იყოს, შესაძლო აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს.

ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ პროცესებს. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს მეშვიდე სამხედრო ბაზის მეთაურობასთან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან. ერთობლივი გეგმების ფარგლებში ვატარებთ აქ წვრთნებს. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული კონფლიქტების გაჩაღებაში, თუმცა ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ შესაძლო აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მსურს აღვნიშნო, რომ აფხაზეთის მზადყოფნის დონე რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად გვაძლევს საშუალებას, მშვიდად ვიყუროთ მომავალში. ჩვენ მიმართული ვართ მშვიდობისკენ, თუმცა ამავე დროს, მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინ არის ჩვენთან ერთად, ვინ არის ჩვენი მოკავშირე, ხოლო ვინც ჩვენს წინააღმდეგ არის, ეს მათი პრობლემებია“, – განაცხადა ბჟანიამ.