პოლიტიკა
მაქსიმალურად უნდა შევძლოთ შევაკავოთ ყველანაირი საფრთხე, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს საზღვრების გახსნასთან - ირაკლი ჩიქოვანი

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. ჩვენ 5 ქვეყანასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება. პრინციპი იყო ერთადერთი, ის, რომ ჩვენ გვექნებოდა საშუალება, მაქსიმალურად უსაფრთხო ყოფილიყო ქვეყანაში ტურიზმის განვითარება, მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველვყოთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ასევე, შეგვექმნა მაქსიმალურად უსაფრთხო დერეფნები მგზავრებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ეკონომიკურ საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ეს არის მთავარი პრინციპები, რომელიც მთავრობას აქვს სახელმძღვანელოდ.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მას შემდეგ, რაც 30 ივნისს საქართველო გამოცხადებულ იქნა იმ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რომელშიც იქნებოდა უსაფრთხო მგზავრობა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს რეკომენდაცია რომელიც ევროკავშირის მხრიდან გაჟღერდა, იყო სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. ამის შემდეგ, ინდივიდუალურ საუბრებზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდებოდა ორმხრივი ურთიერთმიმოსვლა.

ხაზს გავუსვამ იმას, რომ მიმოსვლა არის მხოლოდ და მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის საშუალებით და ეს კიდევ ერთ საშუალებას იძლევა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვფლობდეთ ვითარებას და მაქსიმალურად შევძლოთ შევაკავოთ ყველანაირი საფრთხე, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს საზღვრების გახსნასთან“, - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.