უცხოეთი
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაერო-სა და კონგრესს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის შესახებ ოფიციალურად აცნობა

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გასვლის შესახებ გაერო-ს გენერალურ მდივანს ოფიციალურად აცნობა. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მედიასაშუალების ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალური შეტყობინება თეთრმა სახლმა კონგრესსაც გაუგზავნა.

დემოკრატმა სენატორმა, ბობ მენენდესმა დონალდ ტრამპის რეაგირებას „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე ქაოტური და არათანმიმდევრული უწოდა.

„ეს არ დაიცავს ამერიკელთა სიცოცხლეს ან ინტერესებს, ამერიკელები დარჩებიან ავად, ხოლო ამერიკა- მარტო“, – დაწერა ბობ მენენდესმა „ტვიტერში“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ მაისის ბოლოს განაცხადა. როგორც „ფოქს ნიუსი“ იტყობინება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება 2021 წლის ივლისში შევა ძალაში.

1tv.ge