უცხოეთი
„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, თეთრი სახლის პრესსპიკერმა „სომხების გენოციდი“ აშშ-ის ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებულ კონტექსტში მოიხსენია

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაილი მაკენანიმ აშშ-ში აქციების დროს მონუმენტების დაზიანებაზე საუბრისას „სომხების გენოციდის მემორიალი“ ახსენა. აღნიშნული მემორიალი, აშშ-ის ქალაქ დენვერში დგას, რომელიც „შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანიას“ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სხვა მონუმენტებთან ერთად, მაისში საღებავით შეღებეს.

„როგორც ჩანს, არის გაგებისა და ისტორიული ცოდნის ნაკლებობა, როდესაც სომხების გენოციდის მემორიალი, რომელიც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის, მათ შორის მონობის მსხვერპლთა ხსოვნისადმია მიძღვნილი, ვანდალიზებულია“, – განაცხადა მაკენანიმ.

გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ წერს, რომ თეთრი სახლის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე „სომხების გენოციდი“ იმგვარი ფორმით მოიხსენია, რაც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება და შეიძლება, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთის მთავრობასთან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს. აშშ-ის სომხურ ეროვნულ კომიტეტში ამბობენ, რომ მაკენანის კომენტარი შესაძლოა, იყოს პირველი ნაბიჯი აშშ-ში „სომხების გენოციდის საერთო სამთავრობო აღიარების“ გზაზე. სომხეთი ამტკიცებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას 1.5 მილიონი ეთნიკური სომეხი მოკლეს, რაც გენოციდად უნდა იყოს აღიარებული. თურქეთი გენოციდის ფაქტს უარყოფს.

1tv.ge