საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისის მოსახლეობამ 2017 წელს დედაქალაქის მერად ამირჩია და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ უდიდეს პასუხისმგებლობას

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ვინ იქნებიან სიაში და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები, სრულიად საქართველოს გაიგებს, როცა ამის დრო მოვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა მედიის კითხვაზე, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, შესაძლოა თუ არა იყოს პრემიერი გიორგი გახარია ან თავად კალაძე.

კახა კალაძის თქმით, ის მოსახლეობამ 2017 წელს დედაქალაქის მერად აირჩია და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აქვს.

საკუთარ თავზე ვილაპარაკებ ამ შემთხვევაში, მე გახლავართ დედაქალაქის მერი. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ 2017 წელს ამირჩია და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული თბილისელების წინაშე, ყველაფერს, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ უდიდეს პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, თუ ვინ იქნება კონკრეტულად სიის პირველი ნომერი, ვინ იქნება სხვა წევრები საპარლამენტო სიაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ამას ცოტა მოგვიანებით, როცა ამის დრო იქნება, რა თქმა უნდა, თქვენი საშუალებით გაიგებს სრულიად საქართველო. ყველა იმ ადამიანთან დაკავშირებით გექნებათ სრული ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებებიც მიიღება პოლიტსაბჭოს მიერ“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.