პოლიტიკა
პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ კემბრიჯის, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორებსა და დელოიტის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებთან - გიორგი გახარია

საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა არაპროგნოზირებადობაა, ეს არის დიდი გამოწვევა გლობალური ეკონომიკისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი პატარა, უკიდურესად ღია ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მძიმე და მწვავე გამოწვევაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამიტომ, ხელისუფლების უდიდესი პასუხისმგებლობაა, ის მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად სამართლიანად და ეფექტურად იყოს გადანაწილებული ეკონომიკის ყველაზე უფრო დაზარალებულ სექტორებზე.

სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ წარვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეხებოდა პირველ რიგში ტურისტულ სექტორს, შემდგომ სოფლის მეურნეობას, დეველოპმენტს, განათლებას და ამ გზით გავაგრძელებთ. ყველაფერი, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი. ამას კავშირი არ აქვს პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენასთან, ეს არის ცალკე საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მაღალი დონის პროფესიონალებთან. შექმნილი გვაქვს რამდენიმე სამუშაო ჯგუფი ლონდონში, ნიუ-იორკში და რა თქმა უნდა საქართველოში, სადაც მონაწილეობენ, კემბრიჯის, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესურა და დელოიტის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლები. ეს იქნება გეგმა, რომელიც მიმართული იქნება 2021-2023 წლების ეკონომიკურ აღდგენაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.