აქტუალური
ოპოზიციური პარტიები კვლავაც მზად არიან, მხარი დაუჭირონ შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ოპოზიციური პარტიები გიორგი რურუასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით, მიზანმიმართული სახელისუფლო კამპანია მიმდინარეობს.

15 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

8 მარტს, აშშ-სა და ევროკავშირის დიპლომატიური მისიების თანამონაწილეობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ რეაგირებას მოახდენდა იმ ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია. ასევე შევთანხმდით, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 15 მაისს პოლიტიკური პატიმრების, გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შეთანხმების პირობების შესრულების თვალსაზრისით.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტის შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შესაძლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად. ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც საპარლამენტო წარმომადგენლობა აქვთ, კვლავაც მზად არიან, მხარი დაუჭირონ შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება. შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, სანამ საპატიმროში რჩება პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა.

ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, სამართლებრივი ფიასკოს ფონზე მიმდინარე მიზანმიმართული სახელისუფლო კამპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით, რომელსაც ხელისუფლებისგან მართულმა მედიასაშუალებებმა უკანასკნელ დღებში წამოიწყეს.

აშკარაა, რომ ადგილი აქვს მორიგ ჯერზე სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზაციის მცდელობას. ეს კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის შეთანხმების საფუძველზე შემდგარ პოლიტიკურ კონსენსუსს.

გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, შეასრულოს 8 მარტს აღებული ვალდებულებები, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს მოემზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ნაკლებად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში და განამტკიცებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ავრცელებენ პოლიტიკური პარტიები: „გირჩი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ახალი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ლელო“, „ლეიბორისტული პარტია“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ერთიანი საქართველო“, „გამარჯვებული საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-კონსერვატული პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“და „თავისუფალი დემოკრატები“.