სამართალი
გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და გამოკითხვის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ - შეიხი მირტაგ ასადოვი

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის, შეიხ მირტაგ ასადოვის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ასადოვმა აღნიშნა, გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

მედიას დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ინტერესდებით ჩვენი ამბებით. ძირითადი კითხვები იყო რეგიონთან დაკავშირებით, თუმცაღა გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, ვიდრე გამოძიება არ დამთავრდება. კითხვები იყო რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ნარიმანოვის ძეგლთან განვითარებულ მოვლენებზე. როდესაც მარნეულში კარანტინი იყო გამოცხადებული და ქალაქი იყო წითელ ზონაში, მოსახლეობას ვეხმარებოდით, როგორც მატერიალურად, ასევე ვაწვდიდით ინფორმაციას აზერბაიჯანულ ენაზე. მოვუწოდებდით, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის შვილები, თანასწორობასა და თანასწორუფლებიანობას ვითხოვდით. ჩვენ მედიასაშუალებებით ვგმობდით სიძულვილის ენას. იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც თავს წარმოაჩენენ ხოლმე, როგორც ქართული ეთნოსის ინტერესების დამცველები. ჩემი მოწოდებები მიმართული იყო იმ ადამიანებისკენ, რომლებიც სიძულვილის ენას იყენებენ და შუღლის ჩამოგდება სურს საქართველოს მოსახლეობას შორის“, – განაცხადა სეიდ მირთაგ ასადოვმა.