პოლიტიკა
აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის პროდუქცია მიდის, ეს ფული დიდწილად გროვდება კონტრაბანდისტების ჯიბეებში - ასლან ბჟანია

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის პროდუქცია მიდის, ეს ფული დიდწილად გროვდება იმ ადამიანების ჯიბეებში, რომლებიც კონტრაბანდით არიან დაკავებულები, რატომ არ უნდა შედიოდეს ეს ფული ბიუჯეტში, – ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

რაც შეეხება იმ პროდუქციას, რომელიც საქართველოდან აფხაზეთში შემოაქვთ, ეს გახლავთ ჩვენი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი წილი, ეს სიმართლეა და ამას რამე უნდა მოვუხერხოთ. აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია მიდის. ჩვენი საბაჟო კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, თხილის მარაგი წელიწადში 11-12 ათას ტონას წარმოადგენს. აქედან მაქსიმუმ 10 პროცენტი მიდის რუსეთში, დანარჩენი ყველაფერი კი საქართველოში, და ეს ფული დიდწილად გროვდება იმ ადამიანების ჯიბეებში, რომლებიც ძირითადად კონტრაბანდით არიან დაკავებულები. რატომ უნდა ვაქციოთ ეს ადამიანები კონტრაბანდისტებად. რატომ არ უნდა შედიოდეს ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტში. ვის რას ვუმტკიცებთ ამ მიდგომით? ეს მიდგომა უკვე მრავალი წელია, გრძელდება. ეს უნდა გადაიხედოს. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი მოთხოვნები. ჩვენს პროდუქციას უნდა ჰქონდეს ჩვენი სერტიფიკატები, მაგრამ მოდით, ჩვენი საზღვრები სრულად გავაკონტროლოთ. მათ შორის, პროდუქციის გადაზიდვებიც. ამაზე თვალის დახუჭვა და იმის თქმა, რომ ეს ტყუილია, არ შეიძლება. ეს ჩემს წესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიამ ასევე ისაუბრა მდინარე ფსოუზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და განაცხადა, რომ „კონტროლის სისტემა უნდა შეიცვალოს“.

რუსულ მხარეს აქვს თავისი არგუმენტები, თუ რატომ უნდა იყოს ამდენი მაკონტროლებელი ორგანო. ამ არგუმენტებიდან ერთ-ერთი არის, რომ მათ ეშინიათ, რომ აფხაზეთიდან რუსეთში იარაღის უკონტროლო ნაკადით გადინება დაიწყება. ამიტომ ჩვენი იარაღი უნდა გავაკონტროლოთ“, – განაცხადა ბჟანიამ.