პოლიტიკა
როდესაც ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, რუსეთის ჩარევა საქართველოს საქმეებში გამორიცხული უნდა იყოს! - ბურჯანაძე ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვების წინააღმდეგია

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნებისმიერ ობიექტზე რუს სპეციალისტებს დამოუკიდებლად ვერ დაუშვებს უცხოელი დამკვირვებლების გარეშე, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

ზოგადად, საერთაშორისო სამართალში ძალიან ბევრი რამ კონტროლქვეშ არის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, მაგრამ ბუნებრივია, ეს მიმართულებები განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნებს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები. როდესაც ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ბუნებრივია, აქ ნორმალურ თანამშრომლობაზე, ნორმალურ ინსპექტირებაზე, თუნდაც ინფორმაციის გაცვლაზე, ლაპარაკი ძალიან რთულია“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო იმოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ამ ტიპის ინსპექტირებას, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და არა პირდაპირ ჩარევის განხორციელებით უნდა იყოს შესრულებული. გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნებისმიერ ობიექტზე რუს სპეციალისტებს დამოუკიდებლად ვერ დაუშვებს უცხოელი დამკვირვებლების გარეშე. თუ ეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული, მაშინ, რუსეთმა და საქართველომაც უნდა იმოქმედონ საერთაშორისო ხელშეკრულებისა და ნორმების დაცვით და საერთაშორისო მეთვალყურეების თანდასწრებით. რუსეთის პირდაპირი ჩარევა საქართველოს საქმეებში გამორიცხული უნდა იყოს ნებისმიერი მიმართულებით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.