პოლიტიკა
გიორგი გახარია - ჩვენი დევნილები 1800 ოჯახი, დაახლოებით 6 000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას, ამისთვის მთავრობა 150 მილიონს ლარს დახარჯავს

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ბოლო თვეების განმავლობაში, კრიზისის პერიოდში ჩვენ, ჩვენი კონკრეტული ნაბიჯებით, დახმარებებით ბევრი სოციალური ჯგუფი მოვიცავით. მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი, 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები 1800 ოჯახი, დაახლოებით 6 000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „აქსის თაუერსში“, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, აბსოლუტურად გონივრული, გააზრებული ნაბიჯია, რომ მე-4 ანტიკრიზისული პროგრამა უნდა იყოს მიძღვნილი სამშენებლო და დეველოპერული სექტორისთვის და ეს არ არის მხოლოდ მშენებლობის და დეველოპერების დახმარება, ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის დახმარება,

"რა თქმა უნდა ეს იქნება პირდაპირი დახმარება ლიკვიდობით, პირდაპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება სამშენებლო კომპანიებისთვის. არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო ის მერიის პროგრამა, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავავრცელოთ ქვეყანაზე. 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის კონკრეტული შეღავათების გაკეთება, მე ვიცი, რომ 9 პროექტი უკვე განხილული და დაკმაყოფილებულია და ეს დახლოებით 3500 ოჯახზეა და უკვე განხილვაშია 30 პროექტზე მეტი. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის ხალხია, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაღაც ხარჯი გაიღო, ელოდებოდა, რომ საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდა, საკუთრება ექნებოდა, ბინა ექნებოდა საცხოვრებელი ადგილი ექნებოდა, განსაკუთრებით ეს ეხება 2008 წლის კრიზისის შემდგომ დამძიმებულ მდგომარეობას და კრიზისში შესულ სამშენებლო კომპანიებს. საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად გონივრული, გააზრებული ნაბიჯია, რომ მე-4 ანტიკრიზისული პროგრამა უნდა იყოს მიძღვნილი სამშენებლო და დეველოპერული სექტორისთვის და ეს არ არის მხოლოდ მშენებლობის და დეველოპერების დახმარება, ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის დახმარება, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში გადაწყვიტა თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა 2019-2020 წლებში საქართველოს 25000 მოქალაქეს აქვს, 25 000 იპოთეკური კონტრაქტი გაფორმებული იმ ბინათმშენებლობის პროექტებზე, რომელიც დღეს ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. რა თქმა უნდა მთავრობა იზრუნებს იმაზე, რომ ეს პროექტები დასრულდეს და ეს ადამიანები ისევე, როგორც 2008 წლის კრიზისის მერე არ დარჩნენ ქუჩაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.