პოლიტიკა
მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი ხდება ეკონომიკური აღორძინება და პოსტკრიზისული მართვა - გიორგი გახარია

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა, პოსტკრიზისული მართვა ხდება დღეს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი ნომერი ერთი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პარალელურად, ეს შესაძლებლობა მთავრობას ექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს.

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავდროულად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი მოვლენები, არცთუ ისე სასიამოვნო, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ამას ხაზგასმით ვიმეორებ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ვიყოთ ეფექტურები ეკონომიკური აღდგენის ნაწილში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ შეიმუშაოს სტრატეგიული გეგმა, ტურიზმის სექტორის აღდგენის.

რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება ტურიზმის სექტორის აღდგენის, როგორც ყველაზე დაზარალებულის და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძრავის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. მე როგორც ვიცი, ეს გეგმა დასრულებულია და უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.