აქტუალური
კომპანიები ფიქრობენ, რომ გადაიტანონ გარკვეული წარმოებები სხვა ქვეყნებში, საქართველო ამისთვის არის საუკეთესო პლატფორმა - ნათია თურნავა

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. ახლა არის ახალი გარემოება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ გამოწვევა, რომელიც შექმნილია პანდემიით, ვაქციოთ შანსად და ვისარგებლოთ იმ ტენდენციით, როდესაც დიდი მულტინაციონალური კორპორაციები იწყებენ ფიქრს დააზღვიონ და დივერსიფკაცია გააკეთონ თავიანთი წარმოების, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა, ყოველთვის იყო ორიენტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.

ჩვენ ერთ-ერთი ლიდერები ვართ ბევრ ქვეყანას შორის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კუთხით, ვართ ლიდერები ძალიან ბევრ საერთაშორისო რეიტინგში, იქნება ეს ბიზნესის თავისუფლება თუ „დუინგ ბიზნესის“ თვალსაზრისით. აქამდე მსოფლიო წარმოების ძალიან დიდი ნაწილი იყო თავმოყრილი გარკვეულ გეოგრაფიულ ჰაბებში, იგივე ჩინეთი იყო ასეთი ჰაბი, მაგრამ გვიჩვენა ვითარებამ, როდესაც ფორსმაჟორული სიტუაციაა, ერთ კონკრეტულ ქვეყანაში ან რეგიონში ამან შეიძლება გამოიწვიოს სრულიად გაჩერება მსოფლიოს გლობალური ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილის. კომპანიები უსაფრთხოების თვალსაზრისით ფიქრობენ, რომ გადაიტანონ გარკვეული წარმოებები სხვა ქვეყნებში დაადუბლირონ და დაადივერსიფიცირონ თავისი მიწოდებათა ჯაჭვი, საქართველო ამისთვის არის საუკეთესო პლატფორმა. ახალი გარემოება, უპირატესობა, რასაც დიდი ალბათობით შევიძენთ არის ის, რომ უფრო ადრე გავიხსნებით ახალი ბიზნესებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ბევრ კომპანიასთან დაწყებულია მოლაპარაკებები, რომლებსაც სურთ საქართველოში ახალი წარმოება შექმნან.

პირველი ნიშნები უკვე არის სხვადასხვა კომპანიების მხრიდან, ჯერ არ დავასახელებ ამ კომპანიებს, რადგან საწყისი ეტაპია მოლაპარაკებების, მაგრამ ქვეყნებს გეტყვით, ეს არის იაპონია, იაპონური კომპანიები და დიდი მულტინაციონალური კორპორაციები, ვინც იაპონიას უკავშირდება, ეს არის სამხრეთ-კორეული კომპანიები, ეს არის დასავლეთ ევროპული კომპანიები, იგივე გერმანული, ასევე თურქული. მათ ჩვენ დავეხმარებით და შევთავაზებთ ახალ ხელშეწყობის მექანიზმს, რაც აქამდე არ გვქონია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.