პოლიტიკა
უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას - აშშ-ის ელჩი საქართველოში

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ შეშფოთებულია გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელიც პანდემიის კონტროლის პროცესში საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიის მისამართით ისმის:

ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის.

ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება.

ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგებლობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილესთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ელჩმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია უკანასკნელ ხანს მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესით და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საოკუპაციო ხაზთან მივიდა არის ის, რომ სურდა თავისი თვალით ენახა, რა ხდება ადგილზე, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის გავრცელების დროს.

პირველად მომეცა შესაძლებლობა მოვსულიყავი საოკუპაციო ხაზთან და ნამდვილად ვაფასებ შანსს, რომ მენახა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი. საკუთარი თვალით ვხედავ მანამდე ამ ლამაზ სოფლებში ერთად მცხოვრები ადამიანების დაშორებით გამოწვეულ ტრაგედიას. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია.

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები, იმ ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილია მის მიერ”, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ იგი შეშფოთებულია უკანასკნელ ხანს მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესით და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საოკუპაციო ხაზთან მივიდა არის ის, რომ სურდა თავისი თვალით ენახა, რა ხდება ადგილზე, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის გავრცელების დროს.

როდესაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია. როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. გულდასაწყვეტია ამგვარი სამხედრო-პოლიტიკურ ვითარების ნახვა”, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

საქინფორმი