პოლიტიკა
ჯანდაცვისა და ეკონომიკის საჭიროებების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობამ მოახერხა ფინანსების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან - სელიმ ჩაკირი

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ოთხპროცენტიან ზრდას პროგნოზირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი სელიმ ჩკირი „როიტერთან“ საუბრისას ამბობს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, პანდემიასთან და მის შედეგებთან გამკლავებისთვის საქართველოს 1,6 მილიარდი დოლარის მობილიზებაში დაეხმაროს.

გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ აღმასრულებელ საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, რომ საქართველოს 200 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყონ, რაც გადაუდებელ სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება.

ჩაკირის თქმით, დამატებით 215 მილიონი დოლარის გამოყოფა დაგეგმილია 2020 წლის მეოთხე კვარტალსა და მომავალი წლის აპრილშიც.

„როიტერთან“ ინტერვიუში ჩაკირმა საქართველოს მთავრობა ეკონომიკური შოკის შემსუბუქების მიზნით მიღებული ზომებისთვის შეაქო.

მთავრობამ მოახერხა ფინანსების მობილიზება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან, რათა დაფინანსდეს ჯანდაცვის და ეკონომიკის საჭიროებები და შეიქმნას ე.წ. უსაფრთხოების ბალიში, იმ შემთხვევებისთვის, თუ ნეგატიური საფრთხეების გამო დამატებითი ზომების მიღება გახდება საჭირო“, – აცხადებს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს ოთხი პროცენტით შეიმცირდება, თუმცა 2021 წელს ნავარაუდებია ოთხპროცენტიანი ზრდა.