უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - კორონავირუსთან დაკავშირებით ვაცნობიერებთ, რა ხდება, რისკებს ვხედავთ, თუმცა, ამ ბრწყინვალე დღეს მსურს, ვთქვა, ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია რუსეთში სრულად კონტროლდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ყველა რგოლი ორგანიზებულად და პასუხისმგებლიანად მუშაობს.

„ხელისუფლების ყველა რგოლი ორგანიზებულად და პასუხისმგებლიანად მუშაობს, სიტუაცია სრულად კონტროლდება“ , - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება სხვა ქვეყნების გამოცდილებას ყურადღებით აანალიზებს და რისკებს აცნობიერებს.

„ყურადღებით ვაანალიზებთ კორონავირუსთან ბრძოლის მიმართებით სხვა ქვეყნების გამოცდილებებს, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს უცხოელ მეგობრებთან და კოლეგებთან და ვაცნობიერებთ, რა ხდება, რისკებს ვხედავთ და ვიცით, რისი გაკეთება გვჭირდება მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ადამიანებს ღვთის იმედი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ თავადაც უნდა იმოქმედონ.

„ჩვენი ხალხი ამბობს: ღმერთის იმედი გქონდეს, მაგრამ შენც ხელი გაანძრიეო! და ასეც ვიქცევით. თუმცა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მსურს, ვთქვა : ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთის, რუსეთში ერთ დღეში​ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში დაავადების 6 060 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში Covid-19-ით მთლიანობაში 42 853 ადამიანი დაინფიცირდა.

361 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 291 პაციენტი განიკურნა. ინფორმაციას რუსეთის კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლის ცენტრი ადასტურებს.

interpressnews.ge