სამართალი
იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილი – ილია მეორე

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს პრეს-სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც პატრიარქს მისი გამონათქვამების გამო აკრიტიკებენ.

დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ: ემიგრანტებო, დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო; სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო; სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო; ხელი ხშირად დაიბანეთო; იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილიო; ოჯახებისთვის მოიცალეთო; სცოდნია, თურმე, რასაც ამბობდა?!“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

მისი თქმით, პატრიარქი რამდენიმე თვის წინ იმასაც ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა, ვინც ამას შეისმენდა.

ჯაღმაიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ვისაც როგორ შეუძლია, ისე ილოცოს და ღმერთს არ განეშოროს, საერთო პრობლემის წინაშე ერთმანეთის გაკიცხვას თავი დაანებონ და ემიგრაციაში მყოფთაც, ბოლნისელებსაც და მარნეულელებსაც უსურვონ სიკეთე, ერთმანეთს შენდობა სთხოვონ და გამოჯანმრთელება დაიწყონ სულიერი ვირუსების განკურნებით.