პოლიტიკა
რუსულმა ოკუპაციამ საქართველო დააყენა ჰუმანიტარული კრიზისის, სამხედრო ბაზებად გადაქცევის წინ, წაართვა მომავალი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემასაც შეეხო.

თალაკვაძის განცხადებით, საქართველო დღეს, ისევე, როგორც არაერთხელ თავის ისტორიაში, იმყოფება რთული გამოწვევების წინაშე.

თალაკვაძის თქმით, გრძელდება საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რომლის შედეგებს ყოველდღიურად ვაწყდებით ადამიანების გატაცების, მკვლელობების, კონტრაბანდის, გადაადგილების შეზღუდვის, უკანონო პატიმრობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და სხვა მძიმე დარღვევების სახით.

ჩვენი პასუხი არის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება, ენერგოუსაფრთხოება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. რუსულმა ოკუპაციამ ეს რეგიონები დააყენა ჰუმანიტარული კრიზისის, სამხედრო ბაზებად გადაქცევის, მომავლის არარსებობის წინაშე და ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი, სამწუხაროდ, საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ყოფს ადამიანებს. ეს კედელი არის დროისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენს აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მიმართა აფხაზ და ოს ხალხს.

მინდა, კიდევ ერთხელ მივაწვდინო ხმა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს – თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველოში შევქმენით ქვეყნის განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზით. შეგიძლიათ, იამაყოთ ამით და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.