აქტუალური
გვახსოვს გენერალური პროკურორი, რომელიც პრეზიდენტის მითითებით წყვეტდა, ვინ უნდა დაეჭირათ და ვისთვის ბიზნესი უკანონოდ „აეხიათ“- გია ვოლსკი

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქმიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა თავის სიმაღლეზე იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ირაკლი შოთაძის პროკურორად არჩევის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები იმდენად აქტიურები არიან, რომ ვერც გენერალური პროკურორი და ვერც სხვა ვინმე გაბედავს, გადაწყვეტილებების მიკერძოებულად მიღებას.

ვიცე-სპიკერის თქმით, არ ახსენდება არც ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც უყურადღებოდ დარჩა. ასე მგონია, ყველა თემას, რაც გაჟღერდა, უახლოეს მომავალში უნდა გაეცეს პასუხი. მათ შორის, სამართლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, სპეციალური საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც ამისთვის შეიქმნა, გაცილებით უფრო ინტენსიურად უნდა მუშაობდეს“, - აცხადებს გია ვოლსკი.

ვიცე სპიკერმა სააკაშვილის მმართველობის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა: გვახსოვს ასეთი გენერალური პროკურორი, რომელიც პრეზიდენტის მითითებით წყვეტდა, ვის რა ბედი ელოდა ხვალ, ვინ უნდა დაეჭირათ, ვისთვის ბიზნესი უკანონოდ „აეხიათ“, ვისი ბიზნესი ვის უნდა გადასცემოდა. ეს პერიოდი გავიარეთ და როგორც ხედავთ, დღეს ამ თემაზე ყველაზე მეტს ის ლაპარაკობს, ვინც სჩადიოდა ასე საქმეებს და დღეს თავისუფალ ჟურნალისტად გვევლინება“.

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნდობა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამოუცხადა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 89 დეპუტატმა გაიარა, 7-მა თავი შეიკავა.