აქტუალური
ანაკლიის პროექტში აშშ-ის კომპანიების, ამერიკელი ან ევროპელი ინვესტორის ჩართვას ყველანაირად მივესალმებით და მხარს დავუჭერთ - ნათია თურნავა

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სუვერენული უფლებაა, მიმართოს არბიტრაჟს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ წლების განმავლობაში არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და მთავრობას ხელშეკრულების მოშლის გარდა, სხვა გზა არ დარჩა. კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენა კი, დაგეგმილი არ არის.

ძალიან ბევრი რამ იყო რეგულირებული ხელშეკრულებით, კონკრეტულად, დავების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია, უფრო მშვიდობიანად მოგვარდეს ეს საკითხი, რადგან კონსორციუმს ჰქონდა შესაძლებლობა, წლების განმავლობაში შეესრულებინა მასზე დაკისრებული ვალდებულება და არ გააკეთა, შესაბამისად, მთავრობას სხვა არაფერი დარჩა, გარდა იმისა, რომ მოეშალა ხელშეკრულება, თუმცა, თუ იდავებენ, ეს მათი უფლებაა. ჩვენ არ ვფიქრობთ მათთან ხელშეკრულების აღდგენას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კვლავ პრიორიტეტად რჩება და ხელისუფლება მიესალმება პროექტში ამერიკელი თუ ევროპელი ინვესტორების ჩართვას.

ანაკლიის პორტის პროექტი არის, იყო და რჩება ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად, ვმუშაობთ ძალიან აქტიურად და როგორც გადაწყდა მთავრობის მიერ, ჩვენ ხელახლა ვამზადებთ ტენდერს. გვინდა, ეს ტენდერი ჩატარდეს ძალიან მაღალ დონეზე, ამიტომაც გვსურს, პროცესში ჩავრთოთ რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის კონსულტანტები, რადგან იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე და დამაჯერებელი. ყველანაირად მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ამ პროექტში ამერიკელი ინვესტორების, აშშ-ის კომპანიების ან რომელიმე ძლიერი ევროპელი ინვესტორის ჩართვას. ჩვენ ვესაუბრებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი ბოლომდე. ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ ვესაუბროთ სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, მაგალითად, მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებსაც აქვთ ზოგადად პრაქტიკა, რომ დაეხმარონ ქვეყანას ტენდერის მოწყობაში და ინვესტორის მოძიებაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„ანაკლიის განვითარების“ კონსორციუმმა“ 12 თებერვალს განაცხადა, რომ მზად არის, მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში, ასევე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ პროცესს კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ. როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, საარბიტრაჟო დავისგან თავის ასარიდებლად მთავრობა არანაირ ნაბიჯს არ დგამს.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა. ეკონომიკის სამინისტრო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლად ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის ემზადება.