უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ექნება საშუალება, რუსეთის ტერიტორია უპილოტო საფრენი აპარატებით დაზვეროს

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს ექნება საშუალება, რუსეთის ტერიტორია უპილოტო საფრენი აპარატებით დაზვეროს.

როგორც სტოლტენბერგი გაზეთ „ვარდენ განგთან“ ინტერვიუში ამბობს, საუბარია დრონ „არ-ქიუ ფენიქსზე“. ნატო-ს უპილოტო საჰაერო დაზვერვის პირველი ბაზა გასულ კვირას, იტალიაში ამოქმედდა.

„ეს აპარატები ნატო-ს სახელმწიფოების საჰაერო სივრცეში იფრენენ, თუმცა მათ აქვთ საშუალება, დაინახონ, თუ რა ხდება ჩვენს მეზობლად განლაგებული სახელმწიფოების სიღრმეში, ასევე უკეთ ვიცოდეთ, რა ხდება საზღვრის მეორე მხარეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გამოცემა წერს, რომ ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით, ნატო რუსეთის ტერიტორიის შიგნით, 200 კილომეტრის სიღრმეზე შეძლებს სიტუაციის დაზვერვას. „ეს შესაძლებლობა 2014 წელს რომ გვქონოდა, როდესაც რუსეთმა სამხედრო ძალა გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინა ყირიმის ანექსირება, მაშინ ჩვენ უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნებოდა მიმდინარე მოვლენების შესახებ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სიცილიაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე უკვე დისლოცირებულია ორი დრონი „არ-ქიუ ფენიქისი“. ნატო-ს უპილოტო საჰაერო დაზვერვის სისტემა რამდენიმე თვეში დაიწყებს მუშაობას.

სტოლტენბერგის თქმით, „ახალი სისტემა ალიანსს საშუალებას მისცემს, აკონტროლოს სიტუაცია არქტიკიდან საჰელამდე და ატლანტიკის ოკეანიდან აღმოსავლეთ ევროპამდე“.

„ეს მოგვცემს საშუალებას, ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში დავაფიქსიროთ და გადავცეთ მონაცემები ხმელეთსა თუ წყალში გადაადგილების შესახებ. ასევე, ამ სისტემის გამოყენებით შესაძლებელი გახდება ნაღმებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენაც. სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი იქნება 600 კაცისგან შემდგარი პერსონალი“ ,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს მონაცემებით, „არ-ქიუ ფენიქსის“ უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედების რადიუსი 16 ათასი კილომეტრია. მათ შეუძლიათ დამუხტვისა და დაჯდომის გარეშე 30 საათი იფრინონ. საფრენი აპარატების ფრენის სიმაღლე 18 ათასი მეტრია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე – 575 კმ.სთ.

1tv.ge