საზოგადოება
როგორ აისახება საქართველოზე ირანსა და აშშ-ს შორის შესაძლო კონფლიქტი - ექსპერტი

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში, რაც ირანელი გენერლის ქასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა, დიდმასშტაბიან ომს არ მოიტანს, განაცხადა პოლიტოლოგმა, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.

შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის დასაწყისში სარაკეტო იერიში მიიტანა ბაღდადის აეროპორტზე, რომლის შედეგად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცქვედანაყოფის მეთაური, გენერალი ქასემ სულეიმანი დაიღუპა.

8 იანვრის ღამით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების ოპერაციას იწყებდა და ერაყში, ერბილეში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას შეუტია "ხმელეთი-ხმელეთის" კლასის რაკეტებით. ამგვარად დაიწყო ირანმა შურისძიება გენერალ სულეიმანის მკვლელობისთვის.

არანაირ მასშტაბურ ომს არ ველოდები, როგორც ზოგიერთი ამბობს მესამე მსოფლიო ომის თაობაზე. მაგრამ, ვფიქრობ, გარკვეული კონფრონტაცია, როგორც პოლიტიკური, ისე საომარი, იქნება. მაგრამ ეს, დიდი ალბათობით, ლოკალური იქნება", – განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, გაჩნდეს ლტოლვილებთან ან რეგიონულ ეკონომიკასთან დაკავშირებული გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები.

შეიძლება დადგეს უსაფრთხოების საკითხები, ასევე ლოკალური. მაგრამ მასშტაბურ მოვლენებს არ ველოდები", – აღნიშნა ექსპერტმა.

არეშიძე მიიჩნევს, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის არ გამოიყენებს. მისი თქმით. ამას არანაირი აზრი არა აქვს, მით უფრო, რომ საქართველოში შესაბამისი სამხედრო-საჰაერო ინფრასტრუქტურა არ არის.

ქართული ტერიტორიის გამოყენების არანაირი აუცილებლობა არ არის. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამერიკელები ქართული და, საერთოდ, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიების გამოყენებას არ გეგმავენ", – აღნიშნა არეშიძემ.

ბოლო ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ობიექტებს აღარ შეუტევს, თუ შტატები ერაყში სარაკეტო დარტყმებს არ უპასუხებს.

ირანის შეტევებზე პასუხის შემთხვევაში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დაიმუქრა, რომ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებს უკვე თვითონ აშშ-ზე, ასევე დუბაიზე (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და ჰაიფაზე (ისრაელი).

ირანის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამჰანიმ აღნიშნა, რომ ქვეყანას აშშ-ზე შურისძიების 13 სცენარი აქვს. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ირანის 52 სამიზნეზე მიიტანს იერიშს, თუ ირანი აშშ-ს შეუტევს.