აქტუალური
იმ ავტომობილებიდან, რომლებმაც ტექნიკური ინსპექტირება 2019 წელს გაიარა, 2 800 ავტომობილს გადაადგილება აეკრძალა

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. 2019 წელს ტექნიკური ინსპექტირება 1 259 581-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, იმ ავტომობილებიდან, რომლებმაც ტექნიკური ინსპექტირება წელს გაიარა, ყოველი მეორე, ანუ 496 368 დახარვეზდა, ხოლო 2 800−ს კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა.

სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 ივლისიდან ეტაპობრივად ამოქმედდა. ყველა სახის ავტომობილისთვის ის სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან გახდა.

სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან დღემდე პირველადი შემოწმება სულ 885 615-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. აქედან დახარვეზდა 473 862 ავტომობილი, გზაზე გადაადგილება კი 2 310-ს აეკრძალა. განმეორებით ვიზიტზე მათმა ნაწილმა ხარვეზები გამოასწორა. ხელმეორე შემოწმებაზე 373 966 სატრანსპორტო საშუალებიდან, 22 506 დახარვეზდა და 490-ს — გზებზე გადაადგილება აეკრძალა.

სატრანსპორტო საშუალებების დახარვეზების ძირითადი მიზეზები ფარების, შუქარეკვლისა და სამუხრუჭე მოწყობილობების გაუმართაობა იყო.

2020 წლის 1 იანვრიდან კი სატრანსპორტო საშულებები, რომლებშიც გაზის ბალონებია (თხევადი გაზისთვის) განთავსებული, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.