პოლიტიკა
უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიმოძრაოთ ევროკავშირის მიმართულებით უახლოესი წლების განმავლობაში - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიმოძრაოთ ევროკავშირის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გადაცემის წამყვანმა გიორგი გვიმრაძემ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რა შესაძლებლობებს ქმნის ბრექსიტი საქართველოსთვის: „თქვენ ერთხელ განაცხადეთ, რომ ბრექსიტი, შეიძლება, ახალ შესაძლებლობას ქმნიდეს საქართველოსთვის, ბრექსიტი შეიძლება ითქვას, ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნების შედეგად, უპირობო საკითხად იქცა. რა შესაძლებლობას ხედავთ ამით, ეს ხომ არ არის ის, რომ ადგილი გათავისუფლდა ევროკავშირში“. პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს ხუმრობით თქვა, თუმცა, ხშირად მისი ხუმრობების არასწორი ინტერპრეტირება ხდება.

არა, ეს ვთქვი ხუმრობით, ჩემი ხუმრობები როგორც ჩანს, ხშირად ცუდად არის ინტერპრეტირებული, მაგრამ ამ თემაზე მქონდა საუბარი, ევროკავშირის კომისართან, რომელიც პასუხისმგებელია ამ მოლაპარაკებებზე, რადგან შეიქმნება სხვადასხვა ფორმატი, რომ დიდმა ბრიტანეთმა მაინც შეინარჩუნოს ევროკავშირთან კავშირები საკითხებზე, რომელზეც საჭიროა – უსაფრთხოება, ფინანსური, ეკონომიკის კუთხით სხვადასხვა საკითხი. ასევე შეიძლება, შეიქმნას ისეთი ფორმატები, სადაც ჩვენ გვექნება მორალური უფლება, ვთქვათ, რომ ეს ჩვენც გვინდა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ბრექსიტი არის შესაძლებლობა. პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს ვითარებაზეც ისაუბრა.

ჩვენი დღევანდელი სიტუაცია რა არის ევროკავშირთან – ევროკავშირისგან გაფართოებაზე მიღებული არის პაუზა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პერსპექტივა არ შეიცვალოს და ამავე დროს, ეს დრო იყოს გამოყენებული, რათა ჩვენ ვიმოძრაოთ ევროკავშირში, შევაღწიოთ ბევრად სხვა ადგილებში, სადაც ჯერ არ ვართ, ეს მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო შევკრათ ევროკავშირთან. სწორედ ბრექსიტი არის ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მეორე საკითხია, საქართველომ ევროკავშირთან პირდაპირი მოთხოვნები დააყენოს. ამასთან, მისი თქმით, საუბარი არ არის პარტნიორობის მომავალ ათწლეულზე, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქვეყანამ ასეთ გრძელ ვადაზე არ უნდა იფიქროს.

მეორე არის, რომ ჩვენ პირდაპირ ჩვენი მოთხოვნებიც დავაყენოთ და ამის დრო მოდის ახლა, როცა ახალი ხელმძღვანელობა დაიწყებს მუშაობას იანვრიდან. ჩვენ უნდა წარვადგინოთ ჩვენი ხედვა მომავალი პერიოდის. არ ვსაუბრობ პარტნიორობის ახალ ათწლეულზე, რადგან მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთ გრძელ ვადებზე უნდა ვფიქრობდეთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ შევავსოთ ჩვენი ურთიერთობები და როგორ ვიმოძრაოთ ევროკავშირის მიმართულებით მომავალი ერთი, ორი სამი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.