პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - დასავლელ პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, რომ გვჭირდება ნორმანდიულის მსგავსი ფორმატები

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დასავლელ პარტნიორებს უნდა ვეუბნებოდეთ, რომ გვჭირდება ნორმანდიული ფორმატის მსგავსი ფორმატები.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად ხედავს სალომე ზურაბიშვილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მზაობას, რომ შეიქმნას ნორმანდიული ფორმატის მსგავსი სივრცე, რათა მოხდეს საქართველოსა და რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა, პრეზიდენტმა განაცხადა, მათ მაგივრად ვერ ვიტყვი. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ჩვენ უნდა ვეუბნებოდეთ, რომ გვჭირდება ასეთი ფორმატები“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთი თქმა არ ნიშნავს, რომ მოვლენები სწრაფად განვითარდება.

ერთის მხრივ ალბათ უკრაინის საკითხსაც აქვს რაღაც ტესტის ფორმა. ამ ფორმატმა თუ გაამართლა, შეიძლება გახდეს საჭირო მისი განვრცობა. სხვათა შორის, ამ საკითხთან მიმართებით, აქაც საინტერესო არის საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, სადაც ის ლაპარაკობს უკრაინაზე, მაგრამ ასევე სხვა კონფლიქტებზე ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა უპასუხა გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერები 2020 წლის 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დაპატიჟა. გვიმრაძე დაინტერესდა, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ამ საკითხის უკრაინელ კოლეგებთან განხილვას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინაში ვიზიტით ის სავარაუდოდ 2020 წლის პირველ თვეებში ჩავა.

უთუოდ იქნება ეს საკითხი და ბევრი სხვა საკითხი განხილული ჩვენ შორის. ახლა მე პასუხს ასე პირდაპირ ვერ გაგცემთ. ერთს ვიტყოდი, თუ რომელიმე ქვეყანას აქვს სრული მორალური უფლება, რომ ზეიმობდეს, უფრო სწორად, იხსენებდეს 9 მაისს, ეს ალბათ საქართველო არის, რადგან ჩვენი წვლილი და ჩვენი მსხვერპლი ამ ომში იყო უდიდესი, შედარებით ყველა სხვებთან, პროპორციულად ძალიან მძიმე. ამიტომ, საქართველოს არავისთვის არ აქვს არაფერი დასამტკიცებელი ამ კუთხით. მეორე საკითხი არის, რომ თუ მთელი მსოფლიო იქ ჩავა უკრაინის ჩათვლით და ბევრი სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ალბათ – ამერიკის პრეზიდენტი რას იზამს, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. მაგრამ, ამავე დროს, გასათვალისწინებელია ჩვენი პირდაპირი ასე ვთქვათ ურთიერთობები და ალბათ, ასევე გასათვალისწინებელია, რა მდგომარეობაში იქნება ექიმი ვაჟა ამ დროისთვის, რა სიტუაცია იქნება საოკუპაციო ხაზზე, დეესკალაციას დავინახვთ ამ თვეებში თუ არა. აქაც ოპტიმისტები უნდა ვიყოთ და ვიმედოვნოთ, რომ ყველაზე რთული და მძიმე პერიოდი გავიარეთ და იმედი მაქვს, რომ ახალი წლისთვის ვნახავთ სხვა დამოკიდებულებას სხვა ჟესტებს, რომელიც შესაძლოა, მაშინ გახსნის რაღაც ნაბიჯების საშუალებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.