უცხოეთი
„ორპირი პოლიტიკა“: პენტაგონის მიერ რაკეტის გამოცდას რუსეთში ნეგატიურად აფასებენ

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის მიერ საშუალო სიშორის არაბირთვული რაკეტის მორიგ გამოცდას, რაც მანამდე საერთაშორისო შეთანხმებით იყო აკრძალული, რუსეთში ამერიკის „ორპირ პოლიტიკად“ აფასებენ

შეერთებულმა შტატებმა სახმელეთო ბაზირების საშუალო სიშორის არაბირთვული ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს, რომელიც მანამდე საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებით (IRNFT) იყო აკრძალული.

„თავდაცვის სამინისტრომ, კალიფორნიაში მდებარე სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა ვანდენბერგიდან“ არაბირთვული კონფიგურაციის, სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტის საფრენი გამოცდა განახორციელა 2019 წლის 12 დეკემბრის დილის 08:30 საათზე წყნარი ოკეანის დროით. ამ დროისათვის მიმდინარეობს შედეგების შეფასება“, — დაწერა საკუთარ Twitter-ზე პენტაგონის შეფმა მარკ ესპერმა.

Today, @usairforce @30thSpaceWing & @DoDCTO Strategic Capabilities Office successfully tested a prototype conventional, ground-launched ballistic missile. Congrats to the joint gov’t-industry team for going from concept to launch in less than 9 months! pic.twitter.com/PiZw8xXDoY

— Secretary of Defense Dr. Mark T. Esper (@EsperDoD) December 12, 2019

პენტაგონმა მიმდინარე წლის აგვისტოში უკვე გატესტა სახმელეთო ბაზირების არაბირთვული ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ასევე აკრძალული იყო IRNFT-შეთანხმებით. ცნობილია, რომ რაკეტამ წარმატებით დააზიანა სამიზნე 500 კმ-ზე მეტი ფრენის შემდეგ.

როგორც რუსი სამხედრო პოლიტოლოგი ანდრეი კოშკინი მიიჩნევს, ეს მსგავსი ქმედებები აშშ-ის ორპირ პოლიტიკას ამჟღავნებს.

„დღეს აშშ ისწრაფვის, რაც შეიძლება სწრაფად აითვისოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტები. მათ არ აღელვებს ის, რომ ამ პროექტებზე IRNFT-ის მოქმედების პერიოდში მუშაობდნენ. ასე გამოიყურება შეერთებული შტატების ორპირი პოლიტიკა. ისინი არ ასრულებენ შეთანხმებებს, რომლებსაც ხელი საერთაშორისო არენაზე მოაწერეს. ასე რომ, მოსალოდნელია, აშშ-მა საშუალო სიშორის რაკეტები ევროპის კონტინენტზეც განათავსოს, რაც ევროპელების ძლიერ აღშფოთებას გამოიწვევს. რუსეთი, თავის მხრივ, იძულებული იქნება, მიიღოს ადეკვატური ზომები საფრთხის გასანეიტრალებლად“, — განაცხადა კოშკინმა.

საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებამ მოქმედება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს შეწყვიტა აშშ-ის ინიციატივით. ვაშინგტონმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში დაადანაშაულა რუსეთი შეთანხმების ხანგრძლივ დარღვევაში და განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლას აპირებდა. რუსეთმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ სრულად იცავდა IRNFT-ის პირობებს. თუმცა ივლისის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ.

sputnik-georgia.com