პოლიტიკა
საქინფორმი: პარლამენტარი ალექსანდრე ერქვანია ბიძინა ივანიშვილს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას მეორის წინააღმდეგ კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებს

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის, – განაცხადა დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მან გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა.

მინდა, ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გამოვეხმაურო. სამწუხაროდ, მოსახლეობაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა. ხალხის უმეტესობა მომავალზე ხელჩაქნეულია. ყველგან სერიოზული პრობლემები და სტაგნაციაა. ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. პოლიტიკოსების უმრავლესობას არ გააჩნია პასუხისმგებლობა ღვთის, ერისა და ქვეყნის წინაშე. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის.

ქვეყნისთვის ყველაზე დამანგრეველი კი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, რადგან ეს საყრდენს აცლის და ანადგურებს იმ საძირკველს, რაზედაც დგას ჩვენი ქვეყანა. ქრისტეს მოძულეები, ღირსებააყრილი და უზნეო ადამიანები ცდილობენ, ქართველი ხალხი მოწყვიტონ იმ ფესვებს, რომლითაც საზრდოობს და ცოცხლობს ჩვენი ერი.

სამწუხაროდ, ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს, წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ამიტომ, დღეს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ მხარდამჭერი განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა“, – განაცხადა ერქვანიამ.

მისივე თქმით, დღეს პატრიარქი არის გარანტი საქართველოს ეკლესიის ერთობისა და ამიტომ არის „ბინძური და ცილისმწამებლური ბრძოლა მის წინააღმდეგ“. ერქვანია აფრთხილებს ყველას, ვისაც სურს ეკლესიაში შფოთვის შეტანა და პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოცილება, ისინი არ მოატყუოს პატრიარქის ასაკმა და მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ. „მის წაქცევას ვერავინ შეძლებთ, რადგან უფალი მეფობს“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია.

ვერ გააცნობიერა, რა როლი აკისრია ეკლესიას ქვეყნის აღმშენებლობაში, ვერ გააცნობიერა, რომ ქართველი ერისთვის ყველაზე დიდი საუნჯე, ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობაა. ამიტომაც ვტრიალებთ ერთსა და იმავე წრეზე. აქვე, არ შემიძლია, დიდი მადლობა არ გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს ეკლესიისა და პატრიარქის ერთგულებისთვის, თავგანწირვისთვის და სიყვარულისთვის. ვინ რა გააკეთა, ამას ისტორია განსჯის.

დაბოლოს, მინდა მივმართო უმრავლესობის ლიდერებს, ვიცი და ვგრძნობ, როგორ დისკომფორტს განიცდით ჩემი განცხადებების და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პოზიციების გამო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დღეიდან მოგიხსნათ ეს უხერხულობა, ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას და ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად“, – განაცხადა ერქვანიამ.

თუმცა, მმართველ გუნდს სერიოზული დარტყმა მიაყენა მისმა ბრალდებამ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლებსაც იგი "საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ლიას მეორის წინააღმდეგ ბინძური ცილისწამების” ორგანიზებაში ადანაშაულებს. ერქვანიას თქმით, პატრიარქის ჩამოგდების მიზნით, ტაბუ მოეხსნა პატრიარქისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკას, რის შედეგადაც საპატრიარქოში ადგილი ჰქონდა ბოლოდროინდელ სკანდალურ მოვლენებს.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, ჭყონდიდიმიტროპოლიტმა პეტრე (ცაავა) წმიდა სინოდის კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქილია მეორე ეკლესიაში ჰომოსექსუალების მფარველობაში დაადანაშაულ. ამ უპრეცედენტო სკანდალს მოჰყვა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქების, მიტროპოლიტებისა და წმინდა სინოდის წევრების ჰომოსექსუალიზმში დადანაშაულება.

საქინფორმი ასევე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბოდბის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილმა) ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრის გომელაურის თანდასწრებით, მას პატრიარქის მოკვლა შესთავაზა. მოგვიანებით ეპისკოპოსმა იაკობმა ბოდიში მოიხადა თავისი ლექსიკისა და არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის გამო, მაგრამ თავისი სიტყვები უკან არ წაუღია, რისთვისაც წმიდა სინოდმა მხოლოდ რბილად დატუქსა იგი.

როგორც საქინფორმი ამა წლის 7 ნოემბერს იტყობინებოდა, დეპუტატმა ერქვანიამ უკვე გააკეთა მსგავსი განცხადება, თუმცა, მინიშნებებით, ვინაობის დასახელებისა და ბიძინა ივანიშვილზე მითითების გარეშე.