საზოგადოება
დიალოგის დაწყება ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და არა პატივცემული თალაკვაძის კეთილ სურვილებს - დავით ბაქრაძე

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო პროცესი და დემოკრატიზაცია ამ ქვეყანაში აღარ არსებობს და არ იარსებებს, ვიდრე„ქართული ოცნება“ არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად, რომელშიც თვითონ შეიყვანეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მოწოდებასთან დაკავშირებით.

ბაქრაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არ ასრულებს თავის მთავარ დაპირებას.

ოცნება“ ამბობს, რომ აღარ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე და აღარ გვექნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. „ქართული ოცნება“ ატყუებს საზოგადოებას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს, უცხოელ პარტნიორებს. „ქართული ოცნება“ აიგნორებს ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს. „ქართული ოცნება“ იყენებს პოლიციისა და სპეცრაზმის ძალას ადამიანების წინააღმდეგ და ამის შემდეგ, უცებ პარლამენტის თავმჯდომარე გვიცხადებს, რომ იცით რა, საპარლამენტო პროცესია, დემოკრატიაა და შემობრუნდით პარლამენტში. ასე არ ხდება, ჩემო კარგებო. არანაირი საპარლამენტო პროცესი და დემოკრატია არ არსებობს ქვეყანაში, სადაც მმართველი ძალა ატყუებს საზოგადოებას“, – განაცხადა დეპუტატმა.

დავით ბაქრაძის თქმით, დიალოგის დაწყება ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ დგამს.

დიალოგის დაწყება ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და არა პატივცემული თალაკვაძის გაღიმებულ, კეთილ სურვილებს. ჯერ კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, არის სპეცრაზმი, ძალა, უგულებელყოფა და საუბარი იმაზე, რომ თემა დახურულია და არათუ 2020-ში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, არამედ თურმე, პლებისციტს ჩაგვიტარებენ, რომ 2024-შიც კი პროპორციული გაგვიუქმონ. ამ ნაბიჯების ფონზე რა პოლიტიკური პროცესი, ან რა დემოკრატია, ან რა საპარლამენტო დებატი წარმოუდგენიათ. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი ქუჩაში „ქართულმა ოცნებამ“ გადაიტანა.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პროცესი დაანგრია, პოლიტიკური პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ გადაიტანა ქუჩაში და ამ პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებას სჭირდება არა გაღიმებული სურვილები, არამედ კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან. თუ იქნება კონკრეტული ნაბიჯები, აქვე ვადასტურებ, მზად ვართ დიალოგისთვისაც, მზად ვართ პოლიტიკური პროცესისთვისაც, მზად ვართ პარლამენტში დაბრუნებისთვისაც. ეს კონკრეტული ნაბიჯები უნდა ეხებოდეს იმის გამოსწორებას, რაც „ოცნებამ“ გააფუჭა. „ოცნებამ“ გააფუჭა, „ოცნებამ“ მოგვატყუა, არ გადაგვიყვანა პროპორციულ სისტემაზე. ამიტომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმ ზიანის გამოსასწორებლად, რაც „ოცნებამ“ მიაყენა ქვეყანას და პოლიტიკურ გარემოს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ოპოზიციას ბიუროს სხდომაზე მოუწოდა, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს და საპარლამენტო ფორმატებს დაუბრუნდნენ.