პოლიტიკა
აშშ-ის ოფიციალური პირები თბილისში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან - Amnesty International-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისში გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებს „Amnesty International“-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გამოეხმაურა. ევროპისა და ცენტრალური აზიის ადვოკაციის დირექტორმა დენიელ ბალსონსმა თავისი მოსაზრებები Twitter-ზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები თბილისში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. ბალსონის განცხადებით, ვაშინგტონში აუცილებლად შეამჩნევენ, როგორ ეპყრობიან სამართალდამცველები დემონსტრანტებს.

ბალსონის ადრესატები საქართველოს პრემიერ მინისტრი და შტატებში საქართველოს ელჩი არიან. უფლებადამცველს მაგალითისთვის კონგრესმენი ადამ კინზინგერი მოჰყავს, რომელიც წერდა, რომ შოკშია პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო. ღამით აქციის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, ბალსონსი წერდა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას პატივი უნდა სცენ.

სპეცრაზმი პარლამენტთან დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც. რუსთაველის გამზირზე მეეზოვეებმა გზა დაასუფთავეს. აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.