პოლიტიკა
კომენტარები, რომლებსაც ქართველები აკეთებენ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩემს ღიმილსა და გაოცებას იწვევს - სერგეი ლავროვი

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. 26 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შედგა შეხვედრა, რომლის გამართვასაც თავად ითხოვდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, შეხვედრაზე დავით ზალკალიანს სხვა საკითხებთან ერთად აინტერესებდა, როდის იქნება შესაძლებელი ავიამიმოსვლის განახლება.

მისივე თქმით, კომენტარები, რომელიც საქართველოში შეხვედრასთან დაკავშირებით კეთდება, ღიმილსა და გაოცებას იწვევს.

26 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შედგა შეხვედრა, რომლის გამართვასაც თავად ითხოვდა. შემდეგ მე წავიკითხე მისი ვრცელი კომენტარები, რომლებმაც ჩემი აზრით, მას იმაზე მეტი დრო წაართვა, ვიდრე თავად ამ შეხვედრამ. სხვა საკითხებთან ერთად, აინტერესებდა, როდის იქნება შესაძლებელი ავიამიმოსვლის განახლება. ავუხსენი, რომ ჩვენ არასოდეს ვეძებდით ხელოვნურ მიზეზებს საქართველოსთან საჩხუბრად. თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს პასუხისმგებლიანად წინ წაწიოს თავისი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ, ყურადღებას არ მიაქცევს რუსოფობებს, რომელთა გამოყენებასაც ჩემი აზრით, ძველი პრეზიდენტი ისევ ცდილობს რეჟიმთან საბრძოლველად თბილისში, მაშინ, ალბათ, განვაახლებდი საჰაერო მიმოსვლას. კომენტარები, რომლებსაც თავად ქართველები აკეთებენ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩემს ღიმილსა და გაოცებას იწვევს“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, სერგეი ლავროვმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება იყო პასუხი ოპოზიციონერების აღმაშფოთებელ ქცევაზე, რომლებმაც ჩაშალეს მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა.

ეს იყო მომზადებული პროვოკაცია. ჩვენს დეპუტატებზე იძალადეს. როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, გამოვაცხადეთ, რომ ეს იყო დროებითი ზომა და ჩვენ მოვხსნიდით მაშინ, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდებოდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.