პოლიტიკა
ნათია თურნავამ და ილჰამ ალიევმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანსპორტო პოტენციალის საკითხები განიხილეს

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ბაქოში შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა იყო, ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თურნავამ ალიევს თბილი შეხვედრისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეზობელია, და ქვეყანა უზარმაზარ მნიშვნელობას უთმობს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რომელიც აუცილებელია ქვეყნების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის", – აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრაზე აღინიშნა სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანზე გადის, ასევე კონკურენტუნარიანობის ამაღლების, საერთაშორისო არენაზე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის პოპულარიზაციის მნიშვნელობა.

თურნავამ და ალიევმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე. აზერბაიჯანს საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილი უკავია. გარდა ამისა, 2018 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოში მსხვილ ინვესტორებს შორის 19%-იანი წილით პირველ ადგილს იკავებდა.

ასევე აღინიშნა წარმატებები ტურიზმის სფეროში. გასულ წელს ვიზიტორების რაოდენობა აზერბაიჯანიდან 9%-ით გაიზარდა. აზერბაიჯანის მოქალაქეები რაოდენობით საქართველოში ტურისტებს შორის ლიდერობენ.

თურნავა შეეხო „აბრეშუმის გზის" ფორუმის თემას, რომელიც უკვე მესამედ გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი ღონისძიებაზე თბილისში მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი. ფორუმი 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა, მათ შორის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში.